საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინასწარ დაგეგმილ დროზე რამდენიმე საათით ადრე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამით, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს საღამოსაც უნდა შეხვდეს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ.
ღარიბაშვილის და მიშელის საუბრის შინაარსის შესახებ ზოგად ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის პრესსამსახური:
„ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პარტნიორობის და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას და მომავალი სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის“.
პრესსამსახურის ცნობითვე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა ილაპარაკეს COVID-19 პანდემიის გამო საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებაზეც. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.
როგორც მთავრობის პრესსამსახური წერს, „განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინაზე ყველა ქვეყნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობა. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს, რათა ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყოს, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“.
შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ ძალიან შინაარსიანი დისკუსია შედგა. საკითხთა ფართო წრიდან ღარიბაშვილი ასახელებს ოკუპაციას და გლობალურ პანდემიას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი მკაფიოდ ადასტურებს ევროკავშირისთვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველომდე მოლდოვაში იმყოფებოდა, თბილისიდან კი კიევში გაემგზავრება.