უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 28 თებერვალს კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა ვაქცინით, რომელიც ჩინეთის კომპანია Sinopharm-ის მიერაა დამზადებული. მიმდინარე კვირაში უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინური პრეპარატით დაიწყო ვაქცინაცია - მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ არის მოწონებული ევროკავშირის მიერ.
მანამდე უნგრეთში გამოსაყენებლად ასევე დაამტკიცეს რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V. რატომ აიცრა ორბანი ჩინური ვაქცინით და არა რუსული პრეპარატებით, ან იმ ვაქცინებით, რომლებიც ევროკავშირმა მოიწონა და უნგრეთშიცაა ხელმისაწვდომი, - Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინებით, - არ იტყობინებიან.
ორბანმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის 2,5 მილიონი მცხოვრები, რომელიც ვაქცინაციისთვის გატარდა რეგისტრაციაში, აპრილამდე აიცრება. ჯერჯერობით ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა ხუთი სხვადასხვა ვაქცინის გამოყენების უფლება გასცა.
რუსეთის ვაქცინა Sputnik V ჯერჯერობით არ არის მოწონებული ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ რუსული ვაქცინის მიმართ ინტერესი გამოხატა, მაგრამ ის ეროვნულ დონეზე მხოლოდ უნგრეთში მოიწონეს.
შაბათს ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ვაქცინის მიწოდების თხოვნით პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა. მან დააზუსტა, რომ ვაქცინაციის დაწყებისთვის ქვეყანაში, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ინფიცირების ახალი შემთხვევების მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, პრეპარატის რეგისტრაცია იქნება საჭირო, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ საკმარისია ეროვნულ დონეზე და არა ევროკავშირის დონეზე რეგისტრაცია. მაგრამ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეჭვქვეშ დააყენა ზემანის ამ განცხადების სისწორე.
ევროკავშირის ხელმძღვანელობა ადრე აცხადებდა, რომ არ ეწინააღმდეგება რუსული ვაქცინის რეგისტრაციას, თუკი ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.