პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გმობს "ფორმულას" წამყვანზე, ვახო სანაიაზე თავდასხმას. თალაკვაძე ამ საკითხს "ფეისბუკზე" გამოეხმაურა.
"ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის რძალს თავს გუშინ ღამით სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას თავისა და ფეხის არეში დაზიანებები მიაყენეს:
"[ერთ-ერთმა პირმა] შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს".
ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა:
"მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ ["ფორმულა"], "TV პირველის" მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ".