სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" და მთავრობის შემოღებული რეგულაციებით უკმაყოფილო საზოგადოების ჯგუფი 20:00 საათზე, კომენდანტის საათის შემდეგ, პარლამენტის წინ "დაუმორჩილებლობის დღეს" აწყობენ.
"როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას
და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს
ადამიანების დაუმორჩილებლობის დრო დგება!" - წერია დაგეგმილი აქციის "ფეისბუკ" ღონისძიების აღწერაში.
აქციის მთავარი მოთხოვნაა კომენდანტის საათის გაუქმება ან 12 საათამდე გადაწევა და ბიზნესისთვის, კაფეებისა და რესტორნებისთვის მუშაობის ნებართვის მიცემა.
"ჩათვალეს, რომ გამოცხადებული შემსუბუქება უნდა ყოფილიყო საკმარისი მიზეზი, რომ პროტესტი არ შემდგარიყო, მაგრამ ვერ მივართვით. ეს ხომ რეალური გახსნა არ არის?! შაბათ-კვირას რომ არ მუშაობენ რესტორნები, 9 - ზე უკვე კომენდანტი რომ არის და მეპატრონეს ამის გამო 7-ზე უწევს ობიექტის დაკეტვა, ხომ არარეალურია, ამან იმუშაოს. ამიტომ, უნდა გაუქმდეს ის უაზრო რეგულაციები, რომლებიც ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
მისი თქმით, მინიმუმი არის კომენდანტის საათის გაუქმება ან გადაწევა, შემდეგი კი - საკოორდინაციო საბჭოში საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირის მონაწილეობა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად შეიძლება შეთანხმდეს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ჩვენ ხომ არ ვართ მოტივირებული ძალა, რომელსაც უნდა რამე გააფუჭოს, პირიქით, გვინდა ბევრი რამე გაკეთდეს და თუ ამას სახელმწიფო ვერ გვთავაზობს, გადავწყვიტეთ, ხმამაღლა მოვთხოვოთ ქუჩაში გასვლით", - უთხრა რადიო თავისუფლებას გიგა მაქარაშვილმა.
აქციის მონაწილეები 20 საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან და დაიძვრებიან გარკვეული მიმართულებით, რომელსაც წინასწარ არ ასაჯაროებენ. "სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადს გახდის", - მოუწოდებენ აქციის ორგანიზატორები პროტესტის გამოხატვის მსურველებს. ისინი გეგმავენ, რომ ღამე პროტესტის ამ ფორმით გაათიონ.