ბიათლონის საერთაშორისო კავშირის (IBU) დაკვეთით მომზადებული დამოუკიდებელი ანგარიშის თანახმად, მოიპოვება მტკიცებულებები სპორტული ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელობის მხრიდან „სისტემატური კორუმპირებული და არაეთიკური ქცევის“ შესახებ რუსეთში დოპინგის გამოყენების დაფარვის განმავლობაში, რაც ათი წელი გრძელდებოდა.
ანგარიშში, რომელიც 28 იანვარს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ IBU-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ანდერს ბესებერგმა და ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ნიკოლ რეშმა პასუხი უნდა აგონ 2008-2018 წლების პერიოდის იმ შემთხვევებისთვის, „როცა ირღვეოდა IBU-ს წესები, რაც ხდებოდა რუსული ინტერესების აშკარა დაცვით, კერძოდ, ანტიდოპინგურ კონტექსტში, წესიერად დასაბუთების გარეშე.“
ბესებერგი და რეში 2018 წელს გადადგნენ მას შემდეგ, რაც ავსტრიის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა IBU-ს შტაბბინაში ქალაქ ზალცბურგში. ეს მოხდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც არკვევდა, იღებდა თუ არა ეს წყვილი შეღავათებს რუსეთში დოპინგის შემთხვევების დაფარვისთვის.
ბესებერგს, რომელიც 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა IBU-ს, ანგარიშში ბრალად ედება რუსული ინტერესების ინტენსიური ლობირება. ანგარიშის მიხედვით, ის „აშკარად... არად აგდებდა ეთიკურ ღირებულებებს და რეალურად არ იყო დაინტერესებული მოტყუებისგან სპორტის დაცვაში.“
კომისიის თანახმად, ბესებერგი უფასო სანადირო და სათევზაო მოგზაურობებში დაჰყავდათ რუსეთში და მის ნანადირევს IBU-ს თანამშრომლები ეზიდებოდნენ. ანგარიშში ასევე მოტანილია პოლიციის გამოძიების მტკიცებულება, რომლის თანახმად, მან აღიარა, რომ მოსკოვში ყოფნისას „მეძავის მომსახურება მიიღო“, რაც, მისი აზრით, სხვის მიერ იყო გადახდილი.