“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, დასანანია სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს ჩვენ რომ არ ვიყავით ფასილიტატორებიო და ძალიან კარგი იქნება, თუკი საქართველო მომავალში იქნება კავკასიური მშვიდობის პლატფორმის წევრიო.
თავი რო დავანებოთ რომ ამ პლატფორმაში რუსეთთან ერთად უნდა ვიყოთ კავკასიური მშვიდობის გარანტორები, რაც უკვე აბსურდი და სიგიჟეა, წარმოიდგინეთ ის როგორი აბსურდი და სიგიჟეა, რომ რეგიონალურ ფასილიტაციაზე საუბრობს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, რომელიც საკუთარ ოპოზიციას დასავლეთის ელჩების შუამავლობით ელაპარაკება,” წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020″-ის გახსნის ცერემონიაზე, ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართა. ამავე კონფერენციაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი.„მეორე გამოწვევა, ამ წლის, იყო კონფლიქტი ჩვენს რეგიონში – ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე – ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული – მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა – ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში …. და არის!.. სწორედ ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.