„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე მიმდინარე საკითხებთან ერთად განიხილება ასევე პარტიის თავმჯდომარის საკითხი.
როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პოლიტსაბჭოზე ბევრია სამსჯელო იმ ფონზე, რაც პარტიამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე და ამავე დროს თანამდებობა დატოვა პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.
„პარტიის სამოქმედო გეგმაზე არის პოლიტსაბჭოზე მსჯელობა და მისი დასრულების შემდგომ აუცილებლად მოგახსენებთ შედეგებს, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებს, თუ იქნება დღეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები... მსჯელობა მიმდინარეობს ბევრ სხვადასხვა საკითხზე, რაც უკავშირდება პარტიის სამოქმედო გეგმას და სამომავლო გეგმებს“, - უთხრა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.
15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ „ფეისბუკით“ აცნობა საზოგადოებას, რომ ის ტოვებდა "ნაციონალურ მოძრაობას".
„უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად“, - წერდა გრიგოლ ვაშაძე „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.