საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველ სხდომაზე „ჯანსაღ ძალებს ოპოზიციაში“ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტის საქმიანობაში ჩართვისკენ. მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში მრავალპარტიული თანამშრომლობისა და დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის განხორციელების საშუალება მისცა და ეს მიღწევა არ უნდა დაიკარგოს:
„მსურს ჯანსაღ ძალებს ოპოზიციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდო საპარლამენტო პროცესში მონაწილეობისკენ. დიალოგით შევთანხმდეთ არა კატეგორიულ მოთხოვნებზე, არამედ შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. დემოკრატია მოგეხსენებათ არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. მისი ბოიკოტირება არის ვფიქრობ პოლიტიკური შეცდომა. გაცილებით დემოკრატიულია ალბათ ბრძოლა და მოლაპარაკებების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის სამუშაო პერიოდში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ და ვნახეთ ისიც, რომ ამას ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი სიკეთე არ მოუტანია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმოების ხელშეწყობისათვის განსაკუთრებული მადლობა განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს. სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი შედეგით დასრულდება. აქვე მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს იმ 2 მილიონი მოქალაქის არჩევანი, რომლებმაც პანდემიის მიუხედავად არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს.
მეათე მოწვევის პარლამენტი თავის საქმიანობას 11 დეკემბერს შეუდგა. არჩევნების გაყალბების გამო საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობას არ ღებულობს. ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტს უკვე მიმართა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებებით. კერძოდ, ესენი არიან "ლეიბორისტული პარტიის", "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.