ნუგზარ ერგემლიძე პანდემიის პერიოდს ბათუმში მეუღლესთან ერთად ატარებს. ამბობს, რომ როგორც ყველა, ისიც დააზარალა კარანტინმა, თუმცა აუცილებლად მიიჩნევს, დავიცვათ დისტანცია და სხვა რეგულაციები. რატომ ვერ ეხმარება სახელმწიფო მომღერლებს და რატომ დარჩნენ ისინი დამქირავებლის ულვაშის იმედად, არის თუ არა პოლიტიკა სარფიანი პროფესია და ვის მიიჩნევს მომღერალი და ყოფილი პარლამენტარი პოლიტიკოსად – ამის შესახებ ნუგზარ ერგემლიზესთან საუბარს საიტი kvirispalitra.ge აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს:
– მომღერლები ვეღარ ვატარებთ კონცერტებს, თუმცა ნოემბერში არტოს ბაღში მაინც მოვახერხე მსმენელთან შეხვედრა. რა იქნება ხვალ, არავინ იცის. ბევრი დაზარალდა, რაკი რესტორნები აღარ მუშაობს, ყოველდღიური შემოსავალი, რითიც ბევრი თავს ირჩენდა, გაქრა. ამ სოციალური ჯგუფის ინტერესები გასათვალისწინებელია. გეტყვით იმის მიზეზსაც, რატომ ვერ მივიღეთ მთავრობისგან დახმარება – სახელმწიფო ითხოვს, გქონდეს საბუთი, რომ მუშაობ, მაგრამ არც ერთ მომღერალს რესტორნები კონტრაქტს არ უდებენ. ეს არის პრობლემა, რომელიც პანდემიამ უფრო თვალსაჩინო გახადა. ხელშეკრულება იმის გარანტიაა, რომ არსებობ და მუშაობ. კარგია, რომ დამირეკეთ და საუბრის საშუალება მომეცა – იქნებ ვინმეს ყურამდე ახლა მაინც მივიდეს ჩვენი გასაჭირი. მე ბევრგან მიმუშავია მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებით, არადა, რესტორნის პატრონს შეუძლია უმიზეზოდ დაარღვიოს ასეთი შეთანხმება. ეშმაკობას მიმართავენ – ხალხი შენ გამო რომ იწყებს სიარულს რესტორანში, მერე სხვა, უფრო ახალბედა მომღერალი მიჰყავთ. დღეს გაგსინჯავთო, ეუბნებიან და, რა თქმა უნდა, იმ დღის ანაზღაურებას არ უხდიან, მერე სხვას მიიყვანენ და ასე… კონტრაქტი რომ იქნება, მას ვეღარ დაარღვევენ. ჰოდა, გამოდის, ქართველი მომღერლები დავრჩით დამქირავებლების ულვაშის იმედად – აჰა, ჩემი ულვაში, შეინახე და მენდე, ნამუსს არ გავტეხო…
არის ხალხი, ვისაც საბანკო ბარათიც არ აქვს და როგორ დაამტკიცოს, რომ გადმორიცხვები ჰქონდა, მაგრამ შეუწყდა? კარგი იქნება შეიქმნას მომღერალთა გაერთიანება, როგორც არის კინემატოგრაფისტთა, მხატვართა, რომ მიხედონ ამ პრობლემებს. დღეს მომღერალი ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემი კატა ტომი – მინდა გავაგდებ სახლიდან და მინდა ვაჭმევ. კიდევ კარგი, ინტერნეტით ფულის შოვნის წყაროებიც არსებობს! არ დაგიმალავთ და მეც რაღაც ამგვარს ვაკეთებ. გარდა ამისა, ჩემი შვილებიც მუშაობენ და გავდივართ იოლას. ამ ეტაპზე საქმიანი საუბარია საჭირო და არა წუწუნი.
– რა გაწუხებთ დღეს ყველაზე მეტად?
– სულ ეჭვი გაწუხებს კაცს, მართლა ისეა თუ არა საქმე, როგორც ამბობენ, ნამდვილად ასეთი საშიშია თუ გაზვიადებულია ინფორმაციები კორონავირუსის შესახებ და ა.შ. თუმცა ცხადია, უნდა გავფრთხილდეთ. ზამთარია და ვიაროთ პირბადით, რა დაშავდება? მით უმეტეს, ასაკიანმა ადამიანებმა. რეგულაციები საჭიროა, ზაფხულში რომ “მიგვიშვეს”, შედეგიც ხომ დავინახეთ..
ვრცლად იხილეთ აქ