„ევროპული საქართველო“ ცესკო-ს შემაჯამებელ სხდომაში, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ, მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, „დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას“.
„დღეს ცესკო სრულიად სამარცხვინოდ შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს. ეს არის არჩევნები, რომელშიც დაფიქსირდა ძალიან დიდი რაოდენობის „კარუსელი“, ბიულეტენების ჩაყრა, ძალადობა, მოსყიდვა. ეს არის არჩევნები, რომლის მერეც არც ერთი სარჩელი და არც ერთი უბნის გადათვლა არ იქნა დაკმაყოფილებული არც საოლქო კომისიების, არც ცესკო-ს და არც სასამართლოს მიერ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას. ყველა ფორმალური გზა ამ არჩევნების შედეგების შეცვლის, იქნება დახურული ცესკო-ს და ივანიშვილის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ გაფორმდება ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არსებობს და რომლის შედეგი იქნება ერთპარტიული პარლამენტი, თუ ივანიშვილი ამ დარჩენილ დღეებში ოპოზიციის და მედიატორების წინაშე იმ კონკრეტული წინადადებით არ წარსდგება, რომელიც ახალ არჩევნებს ეხება. ჩვენ ამას ველოდებით, რა თქმა უნდა, დიდი იმედები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, ამიტომ ეს კრიზისი გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, აუცილებლად დასრულება ავტორიტარიზმის ამ გზაზე შემდგარი ივანიშვილის ფუნდამენტური დამარცხებით“, – განაცხადა კაპანაძემ.
ცნობისთვის, დღეს ცესკოს სხდომა გაიმართება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ.