ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მართვა და ეს არის ზეპარტიული ამოცანა, ეს არის ქვეყნის პასუხი ეპიდემიაზე და ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს საუკეთესო რესურსის გაერთიანება“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ილიაუნის მედიცინის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯანდაცვის სპეციალისტმა ნინო მირზიკაშვილმა. გადაცემაში მან ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქეებს ეკისრებათ ვირუსის გავრცელების მასშტაბების შემცირების მიმართულებით.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა დაწესებული შეზღუდვები ნამდვილად შეასრულონ, რათა ვირუსის გავრცელება შემცირდეს. მაგრამ ამავე დროს, ამვდროულად ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის სექტორი უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ ნაკადების სწორად მართვა მოხდეს უპირველეს ყოვლისა. ჰოსპიტალური სექტორი უნდა მოემზადოს, ექიმების ტრენინგი მუდმივი თემაა, ისევე როგორც აღჭურვილობა, რაც არის თანმდევი თემები იმისათვის, რომ საავადმყოფოს შიდა ინფექციების გავრცელება არ მოხდეს“, - განაცხადა ნინო მირზიკაშვილმა და ყურადღება გაამახვილა ნაკადების სწორად მართვის ისეთი საშუალებების დანერგვის საჭიროებაზე, როგორებიცაა ელექტრონული ვებპლატფორმა, სადაც, მისი თქმით, მოხდება სასწრაფო დახმარების, 112-ისა და ჰოსპიტალის დაკავშირება, საწოლების მოძიების მიზნით; ე.წ. კოვიდტაქსები რომელიც მოხსნის 112-ისა და სასწრაფო დახმარების გადატვირთულობას და სხვა.
„ბევრი ინტერვენცია შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა წნეხი შეძლებისდაგვარად შემსუბუქდეს. ჩვენ გვესმის, რომ წნეხი ძალიან დიდი იქნება, მაგრამ არის რიგი ინსტრუმენტები, რისი დანერგვითაც შესაძლებელია განხორციელდეს შეძლებისდაგვარად ჰოსპიტალურ სექტორზე და იგივე 112-ზე წნეხის მოხსნა“, - განაცხადა ნინო მირზიკაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ე.წ. ლოკდაუნის დაწესება სახელმწიფოს მხრიდან გარდაუვალი იყო, თუმცა იგი ფიქრობს, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდა, დრო რაციონალურად რომ ყოფილიყო გამოყენებული და სისტემა სწორად მომზადებულიყო.
საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში.
27 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი პიკი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 4 780 პირს დაუდასტურდა ვირუსი.
ამავე პერიოდში გარდაიცვალა 37 პირი და გამოჯანმრთელდა 3 489 პირი.