„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები თითქოსდა ოპოზიციისთვის ხმების გადათვლის შეთავაზებაზე არის სიცრუე. საბა ბუაძის შეფასებით, ასეთი განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაფორმებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ წიაღში იბადება:
„რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, ნამდვილად არის ხალხის შეცდომაში შეყვანა და მოტყუება, რადგან თქვეს - ოპოზიციამ უარი თქვა ხმების გადათვლაზეო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ჩვენ ისედაც მივყვებოდით ამ გზას. უბრალოდ, ცესკომ [13 ნოემბრის გადაწყვეტილებით] ამის შესაძლებლობა ჩაკეტა.
მამუკა მდინარაძეს თუ ჰგონია, რომ კობახიძის კაბინეტში უნდა გადაითვალოს ხმები, არ ვიცი. ხმების გადათვლას აქვს თავისი ფორმალური და სამართლებრივი მხარე, რომელშიც მონაწილეობენ ცესკო და საარჩევნო სუბიექტები. ხელისუფლების მონაწილეობა ხმების გადათვლაში რთული წარმოსადგენია.
ეს [ხმების გადათვლა] მათი შეთავაზება არ ყოფილა. ეს იყო მიმდინარე პროცესი, რომელშიც ვმონაწილეობდით და ხელისუფლების თანხმობა არ გვჭირდებოდა. აქ იყო ურთიერთობა პარტიებსა და ცესკოს, პარტიებსა და სასამართლოებს შორის და ბატონ კალაძეს ამაში რა როლი აქვს, ძალიან მაინტერესებს!
ეს არის მათი მხრიდან კიდევ ერთი აღიარება, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჟღერდება ცესკოს პირით და რომელსაც აქვს ცესკოს ხელმოწერა, არის სინამდვილეში „ქართული ოცნების“ წიაღში მიღებული გადაწყვეტილება. ეს და ბევრი სხვა ეპიზოდი მიმყარებს რწმენას, რომ სახეზე გვაქვს მრავალეპიზოდიანი სისხლისსამართლებრივი დანაშაული, რომელშიც ცესკო და მისი უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობენ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია დაიწყოს შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ამ დანაშაულზე“.
14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა:
„დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ეგრეთ წოდებულ კარუსელებზე“.