ინდოეთის სასამართლომ გაამართლა 32-ვე ადამიანი, რომელიც ბრალდებული იყო 30 წლის წინ მეჩეთზე თავდასხმასა და მის დანგრევასთან კავშირში. ამ ინციდენტს მოჰყვა ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის ძალადობა, რომელსაც 2000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
მმართველი ინდუისტური ნაციონალისტური პარტიის (BJP) რამდენიმე ლიდერი იყო ბრალდებულთა შორის, რომლებიც 30 სექტემბერს გაამართლა სასამართლომ. მათ შორისაა BJP-ის თანადამფუძნებელი და პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილე ლალ კრიშნა ადვანი, ყოფილი ფედერალური მინისტრები მურლი მანოჰან ჯოში და უმა ბჰარტი, და რაჯასტანის გუბერნატორი კალიან სინგჰი.
ისინი უარყოფდნენ ბრალდებებს, რომ 1992 წელს ინდუისტთა ჯგუფებს აქეზებდნენ ქალაქ აიოდჰიაში მე-16 საუკუნეში აგებული ბაბრის მეჩეთის დანგრევისკენ.
ინდუისტები მიიჩნევენ, რომ მეჩეთი აიგო მათი ღმერთის, რამას დაბადების ადგილას და ის ტაძარს დააშენეს.
1993 წელს ბრალდებები წაუყენეს 49 ადამიანს, მაგრამ მას შემდეგ 17 გარდაიცვალა. დარჩენილი 32 ბრალდებული 30 სექტემბერს გაამართლა სპეციალურმა სასამართლომ, რომელმაც დაადგინა, რომ მეჩეთი დაანგრიეს „ანტისოციალურმა ელემენტებმა“ და არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ეს განზრახ გაკეთდა.