ერევანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მოიერიშე, სომხეთის საჰაერო ძალების Су-25-ის ტიპის თვითმფრინავი თურქეთის გამანადგურებელმა, F-16-მა ჩამოაგდო სომხეთის საჰაერო სივრცეში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოიერიშე თვითმფრინავის პილოტი დაიღუპა.
თურქეთმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო, იტყობინება „ბი-ბი-სი“. ანკარამ განაცხადა, რომ ცნობა „სრულ სიცრუეს“ წარმომადგენს.
სომხეთის განცხადება გავრცელდა, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიის, აზერბაიჯანის კუთვნილი რეგიონის და სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი მთიანი ყარაბაღის გარშემო მესამე დღეა მიმდინარეობს სამხედრო დაპირისპირება, რასაც 29 სექტემბერს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
ამჟამინდელი კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო ყველაზე მძაფრია 2016 წლის შემდეგ. კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაცია საფრთხეს შეიცავს იქ გამავალი საერთაშორისო მილსადენების გამოც.
როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს აცხადებს აზერბაიჯანის და სომხური ძალების გამყოფი ე.წ. საკონტაქტო ზოლის, მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ გრძელდება დაპირისპირება „განსხვავებული ინტენსიურობით“.
გაეროს უშიშროების საბჭო 29 სექტემბერს საგანგებო შეხვედრას მართავს, რათა იმსჯელოს კონფლიქტის გარშემო, რომელშიც შეიძლება ჩაერიონ რეგიონული ძალები, რუსეთი და თურქეთი.
თურქეთი სრულად არის მზად დაეხმაროს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაბრუნებაში, განაცხადა 29 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოში სტუმრობისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად დაასახელა თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან სომხეთის გასვლა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, თავის კოლეგას, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაოს-გეორგიოს დენდიას შეხვდა, განაცხადა, რომ მან და მასპინძელმა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მონაწილეებს მიმართეს, შეწყვიტონ ბრძოლა და ითანამშრომლონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, რათა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებას.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მხარეებს „მოუწოდა სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ“, როცა ის ტელეფონით ესაუბრა ორივე ქვეყნის ლიდერებს, განაცხადა მერკელის პრესმდივანმა, შტეფენ ზაიბერტმა.
აზერბაიჯანის კუთვნილი, უპირატესად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს, მეზობელ სახელმწიფოებს ომი ჰქონდათ 1990-იან წლებში, როცა სომხურმა ძალებმა დაიკავეს რეგიონი და მისი მიმდებარე არეალი.