დავით ფურცხვანიძემ, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ფოტოები გადასცა, უარი თქვა პროკურატურაში გამოკითხვაზე. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ხვალ, 19 სექტემბერს, შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს და ფურცხვანიძე მოსამართლის წინაშე დაიკითხება. გარდა ამისა, ფურცხვანიძე არც წყაროს დასახელებას დათანხმდა.
„მყისიერი რეაგირება განხორციელდა პროკურატურის მხრიდან, გამოკითხვაზე დაბარებულ იქნა დავით ფურცხვანიძე. ამასთან ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებულია ელექტრონული ტექნიკა და შესაბამისად, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც ამასთან არის დაკავშირებული", - ამბობს ვეფხვაძე. მისივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება ფურცვანიძის ოფისში.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მედიასა და პროკურატურას „სატელიტური ფოტოები" დამონტაჟებული სახით წარუდგინა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ ამ საქმეზე სამართლებრივი რეაგირება დაიწყება.
მიხეილ რამიშვილის თქმით, მას ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. როგორც პროკურატურაში მისვლის შემდეგ ფურცხვანიძემ თქვა, სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, რომელიც მან მიხეილ რამიშვილს გადასცა, უცხოეთიდან არის მოპოვებული, თუმცა ის კონკრეტულ წყაროს არ ასახელებს.