მილიციის მხრიდან სასტიკი დაკავებები მოჰყვა მინსკში შაბათს დაწყებულ მორიგ მშვიდობიან მსვლელობას "ქალთა მარშს", რომლის მონაწილეებიც იაკუბ კოლასის გამზირისკენ სხვადახვა ქუჩით მიემართებოდნენ.
იუწყებიან, რომ მომიტინგეთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევდა.
შუადღისთვის მილიციამ გააფრთხილა დემონსტრანტები, რომ მათი აქცია არასანქცირებული იყო.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მალევე გამოჩნდა მილიციის საევაკუაციო მანქანები, ე.წ. ავტოზაკები და მილიციამ დაიწყო ძალის გამოყენებით აქციის მონაწილეთა დაკავება.
საბოლოოდ სამართალდამცველებმა აქციის ასზე მეტი მონაწილე დააკავეს. მათ შორის "ბელსატის" კორესპონდენტი, რომელსაც პირდაპირ ეთერში მიჰყავდა რეპორტაჟი აქციის დარბევის შესახებ.
ქალებმა ორგანიზებულად რამდენჯერმე ხელიდან გამოგლიჯეს სამართალდამცველებს დაკავებულები, შავნიღბიან სპეცრაზმელებს ადამიანები უყვიროდნენ "სირცხვილი, სირცხვილი".
პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, დაგმო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და მოუწოდა მილიციის "ომონს", რომ შეწყვიტოს ეს "შემზარავი ძალადობა".
"თქვენ გაქვთ შანსი, რომ დადგეთ ხალხის მხარეზე და არ შეასრულოთ დანაშაულებრივი ბრძანებები", - ნათქვამია ციხანოუსკაიას მიმართვაში.
ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მასობრივი აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკა. საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს.
9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დააპატიმრეს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი. მათ წინააღმდეგ საგამოძიებო კომიტეტში აღძრულია საქმე „ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებების“ მუხლით.