კვირას მინსკში გამართულ მსხვილ საპროტესტო აქციაზე ასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ამის შესახებ იტყობინება უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“.
მოგვიანებით სხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ როცა პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია პრაქტიკულად დასრულდა და ხალხი დაშლას იწყებდა, მილიციამ მათი დაკავება დაიწყო. მთლიანობაში „ავტოზაკებში“ 50-მდე ადამიანი ჩასვეს.
ადამიანის უფლებების დამცველები და სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები ასევე იტყობინებიან დაპატიმრებებზე ბელარუსის სხვა ქალაქებში - გროდნოში, ბრესტში, ბარანოვიჩიში, მოგილიოვსა და ვიტებსკში. მაგალითად, Tut.By თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება გროდნოში სასტიკი მეთოდებით დაკავებებზე. „ხალხს თმებით მიათრევდნენ მიწაზე, ურტყამდნენ, მისდევდნენ, გაუშვეს ცრემლსადენი გაზი,“ აცხადებს ერთ-ერთი ქალი, რომლის სიტყვებიც მოჰყავს მედიას. ძალისმიერი მეთოდებით დაკავებაზე იტყობინებიან მინსკიდანაც, სადაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეტაკების შემდეგ სამედიცინო დახმარება ითხოვა რამდენიმე ადამიანმა.
დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი ოლგა პავლოვა, კომპანია „ეკოდომის“ ხელმძღვანელი ირინა სუხი და „რადიო რაციის“ ჟურნალისტი არტიომ სიზინცოვი.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტომ დაადასტურა მინიმუმ ასი ადამიანის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ კვირას გამართულ მსვლელობებსა და მიტინგებზე.
6 სექტემბრის აქციები გაიმართა სახელწოდებით „ერთიანობის მარში“ და მათი ლოზუნგია „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“. ისევე, როგორც წინა დღეებში გამართული მარშები, ის არ არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული.
ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მასობრივი აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიცალური შედეგების წინააღმდეგ. ცესკოს თანახმად, არჩევნებში მეექვსედ გაიმარჯვა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ. საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს. ბევრი მათგანი მოგვიანებით ჰყვებოდა წინასწარი დაკავების ადგილებში მათ წამებასა და დამცირებაზე.