თბილისში, ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და დახმარების სამსახურში განუცხადეს.
აფეთქება ფილარმონიასთან დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ მუშებს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ კლუბ "დეჟა-ვუში".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით სამშენებლო სამუშაოების დარღვევით წარმოება, რა დროსაც ადამიანი დაიღუპა, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.