აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გამოაქვეყნა განცხადება რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. მაიკ პომპეო აღნიშნავს, რომ აშშ ღრმად შეაშფოთა გერმანელი ექსპერტების წინასწარმა დასკვნამ, რომ რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსეი ნავალნი მოწამლულია.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თუ ეს დადასტურდება, აშშ მხარს დაუჭერს ყოვლისმომცველი გამოძიებისკენ ევროკავშირის მოწოდებას და მზად არის ხელი შეუწყოს ამ ძალისხმევას.
მაიკ პომპეო წერს, რომ ბატონი ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი იმსახურებენ სრულყოფილ და გამჭვირვალე გამოძიებას და კავშირის მქონე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. აშშ ნავალნის ოჯახს თანადგომას უცხადებს და მისი სრული გამოჯანმრთელების იმედი აქვს.
25 აგვისტოს, რუსულმა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის, სტივენ ბიგანის შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ თუ ალექსეი ნავალნიზე თავდასხმა დამტკიცდება, შეერთებული შტატები მიიღებს ზომებს, რომელთა ფონზე გაფერმკთალდება ვაშინგტონის რესქცია 2016 წლის საპრეზიდენტი არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე.
ალექსეი ნავალნი 22 აგვისტოს გადაიყვანეს ბერლინის კლინიკა „შარიტეში“. ოპოზიციონერი აქტივისტი ხელოვნური კომის მდგომარეობაშია.
24 აგვისტოს, რამდენიმე ლაბორატორიაში ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე, კლინიკამ განაცხადა, რომ ნავალნი მოწამლულია. კერძოდ, მის ორგანიზმში აღმოჩენილია ნივთიერება ქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფიდან. კონკრეტული ნივთიერების დასადგენად კვლევა გრძელდება.
გერმანული კლინიკის ამ განცხადების შემდეგ, ჯერ კანცლერმა ანგელა მერკელმა, შემდეგ კი ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდეს სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ.
ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა. ავიალაინერი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ნავალნი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, რომლის ექიმებმა ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება. ოპოზიციონერი აქტივისტის ოჯახი და თანამოაზრეები პირველივე დღიდან აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ხელისუფლებამ მოწამლა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ცარიელი ხმაურია.