19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
თამაზ ხომასურიძის თქმით, კითხვები შეეხებოდა მის მიერ, ორი დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი დაჯგუფება, რომელსაც ის „თეთრ ისრად“ მოიხსენიებს, გეგმავს შაქარაშვილის ბიძისა და ოჯახის ინტერესების დამცველის, მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაციას. თამაზ ხომასურიძის თქმით, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
მას შემდეგ, რაც თამაზ ხომასურიძემ ეს ინფორმაცია ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერით გაავრცელა, 22 აგვისტოს, დილით, მის სახლში სამართალდამცავები მივიდნენ, ჩხრეკა ჩაატარეს და წაიღეს მისი კუთვნილი ტელეფონი, კომპიუტერი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი.
22 აგვისტოსვე თამაზ ხომასურიძე შსს-ში, გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოძიებას მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოსთხოვა.