რუსთავში, გვიან ღამით, გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულები გაიხსენეს.
ტერიტორია საქართველოს სახელმწიფო დროშებით მოირთო, სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე კი 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ვიდეოკადრები და დაღუპული რუსთაველი სამხედროების ფოტოები უჩვენეს. მანათობელი სანთლებით მოიხატა საქართველოს რუკა, ცაში წითელი ფრანები გაუშვეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ომის ვეტერანები, გარდაცვლილი მეომრების ოჯახის წევრები, მეგობრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
8 აგვისტოს მემორიალთან სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან, გმირთა მემორიალს და ომში დაღუპულთა საფლავებს თაიგულებით შეამკობენ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ოთხი რუსთაველი დაიღუპა: სერჟანტი ვახტანგ გზირიშვილი, კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი და ლევან იოსებიძე. ოთხივე სიკვდილის შემდეგ სხვადასხვა ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.