2008 წლის ომში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს. მათ ვერ მოახერხეს, ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. კახა კალაძის განცხადებით, არავის უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
თბილისის მერის თქმით, ოკუპაციას საქართველო წინსვლით უნდა დაუპირისპირდეს. „12 წელი გავიდა იმ საშინელი დღეებიდან, რასაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ოკუპაცია. ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. მას უნდა ვებრძოლოთ განათლებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.