„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, 7 აგვისტო არის ტრაგიკული და საქართველოს უახლეს ისტორიაში ბოლო აქტიური და მასშტაბური აგრესიის დღე ჩრდილოელი მეზობლისგან, რომელიც რამდენიმე ასეული წელია საფრთხეა საქართველოს თავისუფლებისთვის.
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.
გიგა ბოკერიას თქმით, პატივს მიაგებენ იმ ხალხს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ დღეს ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, არაოკუპირებულ საქართველოში: „მათმა თავგანწირვამ, ქართულმა საზოგადოებამ და შემდეგ დაგვიანებულად, მაგრამ მაინც, თავისუფალი სამყაროს პრინციპულმა მხარდაჭერამ შეგვინარჩუნა ჩვენ სახელმწიფოებრიობა“.
ბოკერიას განცხადებით, ვერ მოიტყუებ თავს, რომ მტერს მტერი არ დაუძახო, დღეს პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი, რომელიც აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას.