უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადას“ დეპუტატი და „ოპოზიციური პარტია-სიცოცხლისათვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ მედვედჩუკი, კვირას, 2 აგვისტოს ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა მეუღლესთან ერთად.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის წყაროს ცნობით ვიქტორ მედვედჩუკმა და მისმა ცოლმა, ოქსანა მარჩენკომ, თანმხლებ პირებთან ერთად გამშვები პუნქტი „კალანჩაკი“ შუადღით გადაკვეთეს.
უკრაინული მედიის ცნობით, მედვედჩუკების ოჯახი ყირიმში ფლობს ბიზნესს, რომელიც ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ წამოიწყეს და ასევე შთამბეჭდავ უძრავ ქონებას.
ვიქტორ მედვედჩუკმა 2018 წელს რუსულ ტელეარახ "ТВ Центр"-ს უთხრა, რომ აგრძელებს ანექსირებულ ყირიმში დასასვენებლად სიარულს.
ვიქტორ მედვედჩუკი ცნობილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლობლობით. პუტინის მონათლულია მისი ქალიშვილი დარია.
მედვედჩუკი არის სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მიჩნეულია პრომოსკოვური კურსის მხარდამჭერ გავლენიან პოლიტიკოსად. დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ის მონაწილეობდა რუსეთსა და უკრაინაში დაპატიმრებულთა გაცვლის ორგანიზებაში.