ასეულობით დემონსტრანტი კვლავ გავიდა ქუჩაში 27 ოქტომბერს ბაღდადში, ერაყის დედაქალაქის მთავარ ტაჰრირის მოედანზე და მოითხოვდა პოლიტიკური კლასის „ამოძირკვას“.
ისინი განაგრძობენ პროტესტს იმის მიუხედავად, რომ საპროტესტო გამოსვლების დროს დახოცილთა რიცხვმა 60-ს მიაღწია, ანტისამთავრობო გამოსვლების მეორე ტალღის განმავლობაში, 24 ოქტომბრის შემდეგ.
აქ იმისთვის ვართ, რომ მთელი მთავრობა დავამხოთ, ყველას ამოვძირკვავთ, - თქვა ერთმა დემონსტრანტმა, რომელსაც ერაყის სამფერიანი დროშა ჰქონდა თავზე შემოხვეული.
მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, აბდელ აბდელ მაჰდი და პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ალ-ჰალბუსი ათამდე რეფორმის გატარებას აპირებენ, მაგრამ დემონსტრანტები კმაყოფილი არ არიან.
„არც ერთი არ გვინდა. არც ჰალბუსი, არც აბდელ მაჰდი. რეჟიმის დამხობა გვსურს“, - თქვა დემონსტრანტმა.
ტაჰრირის მოედანზე ქაოსი იყო, ზოგიერთი დემონსტრანტი მაღალსართულიან ბიზნესცენტრის შენობაზე აძვრა და ერაყის დროშები იქ გამოფინა, სხვებმა მანქანის საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს ნაგვით სავსე ქუჩებში. იქვე გაშლილია კარვები და მოხალისეები დემონსტრანტებს წყალს და სურსათს ურიგებენ.
იტყობინებიან, რომ დემონსტრაციაზე მეტი სტუდენტი და ქალი მივიდა. ორი ტრადიციულად გამოწყობილი ქალი, ერაყის დროშით ხელში, პოპმუსიკის სწრაფ რიტმზე ცეკვავდა.
ტაჰრირის მოედანთან მთავრობამ უშიშროების ძალები განათავსა, ხოლო მიმდებარე ქუჩებზე ანტიტერორისტული შენაერთის რაზმები განლაგდნენ, რათა, უწყების თანახმად, მიმდებარე სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა დაიცვან.
უწყვეტი პროტესტის გამო ზეწოლის ქვეშაა აბდელ მაჰდი, რაც გაძლიერდა პოპულისტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის თავმჯდომარეობით მოქმედი დეპუტატების მჯდომარე გაფიცვის შედეგად. AFP-ს დეპუტატებმა ამცნეს, რომ მისი ბლოკი მიმართავს ზომებს, რათა დემონსტრანტების მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
შაბათს მთავრობამ ქუჩებში გაიყვანა კონტრტერორისტული რაზმები, რადგან პოლიციამ ვერ შეძლო დემონსტრანტების განდევნა. დააკავეს ათეულობით დემონსტრანტი. დაშავებულთა რიცხვი ათასეულობითაა. მძაფრი შეტაკებები იყო ასევე ქალაქ ენ-ნასირიაში.
ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები ერაყში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და ახლა განახლდა. დემონსტრაციების დაწყებიდან მოკლულთა რიცხვი 200-ს აღწევს. დემონსტრანტები უკმაყოფილო არიან ელექტროდენის და სასმელი წყლით ნაკლებობით, ასევე კორუფციითა და შიიტური რაზმების მოქმედებით. პროტესტს მეთაური არ ჰყავს და მას, ოფიციალურად, არცერთი პარტია არ უჭერს მხარს.
ერაყის ხელისუფლებამ აღიარა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ „გადაჭარბებული ძალა“ გამოიყენა და პირობა დადო, რომ მათ მოთხოვნებს განიხილავდნენ.