საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ნაწილმა ტელევიზიიდან წასვლის გადაწვეტილება ბულინგისა და წნეხის პირობებში მიიღეს.
„ვფიქრობ, ნაწილობრივი მათგანისთვის ეს იყო წნეხის ქვეშ, ყოფილი დირექტორის ბულინგის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება და ეს არც მათ და არც არხის ინტერესებში შედიოდა. მცდელობა, რომ „რუსთავი 2" განადგურდეს, ყოფილი დირექტორის და მფლობელის ტიპიური ქმედებაა, რადგან ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს, რომ მის მერე ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს. ეს მიდგომა ზოგადად აქვს და როგორც ჩანს, ამჯერად გადაწყვიტა, რომ გამოიყენოს „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, რადგან სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მას არ ეკუთვნის არხი და ეკუთვნის სხვა მფლობელს", - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, საზოგადოებამ, მედიამ და ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს „რუსთავი 2"-ის განადგურების უფლება არ უნდა მისცენ.
„ჟურნალისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ არ არის სწორი დამოკიდებულება მათი მხრიდან იმ არხის განადგურების მცდელობა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნისა და თანამედროვე ისტორიის ნაწილად იქცა და არ არის სწორი მისი განადგურება იმის გამო, რომ ასე სურს ყოფილ დირექტორს, რომელმაც ბოლო პერიოდში არხი აქცია არაეთიკურობის, უზრდელობისა და ყალბი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების ადგილად. ეს ძალიან არასასიამოვნო, არასწორი და დამაზიანებელი იყო როგორც მედიისთვის, ისე - არხისთვის. ვფიქრობ, ჟურნალისტებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათი მცდელობა, საბოლოოდ განადგურდეს ეს არხი, არ არის სწორი დამოკიდებულება არც არხთან დაკავშირებით და მიმართებით და არც მედიის თავისუფლებასთან მიმართებით”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„რუსთავი ორის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ პირიქით, ტელევიზიის ახალი მფლობელი და ხელისუფლება ცდილობს „ხალხის დაშინებას და დაბულინგებას“.
„მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას ჩემი დაჭერის, უფულობის, არაფერი არ გამოუვათ, ეთერში ვერ შევლენ და მსგავსი ტექსტებით.
ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს, სულ რომ ვერაფერი ვერ გავყიდო (რ2 ვისთვის რისი გადამხდელია, აგერ ვნახავთ), შენობაც „რუსთავი 2“- ზე უკეთესი გვაქვს, ტექნიკა მითუმეტეს.
ვიწყებთ სექტემბერში. „კურიერს“ როდის გაიყვანთ ეთერში, მაგას ვნახავთ კიდევ”, - წერს ნიკა გვარაიამ ფეისბუკში.
ნუ შინდებით და ნუ აჰყვებით, ეგ ბოლოა, რაც დარჩათ. აბა თვითონ არხს ვეღარ ამუშავებენ“.