ქართველმა სამართალდამცავებმა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს მათ მიერ ძებნილი ანდრეი კაბისოვი - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა წყარომ მიაწოდა.
„ვერ მოგახსენებთ. ვერც დაგიდასტურებთ“ - გვითხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ. ის 20 აგვისტოს საღამოს, ერგნეთში დახვდა ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ საქართველოს 8 მოქალაქეს, რომლებიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული.
რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ცხინვალელ სამართალდამცავებზე შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი კაბისოვი ქართულმა მხარემ დე ფაქტო ხელისუფლებას რამდენიმე დღის წინ გადასცა და სავარაუდოდ, საპატიმროში მის წინააღმდეგ წამების მეთოდებს მიმართავენ.
ოკუპირებული რეგიონიდან გამოქცეული ანდრეი კაბისოვი და სარმატ გაბარაევი ივლისის შუა რიცხვებში გადავიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებულ სოფელ ერგნეთში, სადაც ქართველმა პოლიციელებმა დააკავეს.