"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ზვიად კორძაძის თქმით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი იყო.
"განჩინება დაგვიანებით ჩაგვბარდა, სულ 48 საათია გასაჩივრებისთვის და ჩაგვბარდა დროის ამოწურვამდე 8 საათით ადრე. ამ დროში რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი დავაფიქსირეთ. სასამართლო განჩინება არის დაუსაბუთებელი. ჩვენ არგუმენტებს, პასუხი საერთოდ არ აქვს გაცემული. საერთოდ არ არის განჩინებაში მსჯელობა, თუ რატომ მიაჩნია სასამართლოს, რომ თუნდაც საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვა და ნებართვის მიცემა არ იყო რელევანტური. ვთხოვთ სააპელაციო სასამართლოს, რომ გააუქმოს აღნიშნული განჩინება და არ გამოიყენოს აღკვეთი ღონისძიება“, - განაცხადა ადვოკატმა.
26 ივლისს მამუხა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარი გირაო შეეფარდათ. პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
დაცვის მხარე ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს, მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ეს არის მის წინააღმდეგ ხელისუფლების "ორკესტრირებული შეტევა".