4 ივლისს, საპროტესტო აქციების მე-15 დღეს, პარლამენტის შენობის წინ აქცია-კონცერტი - „არა ოკუპაციას“ - გაიმართა. ხალხმრავლობის გამო გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი.
კონცერტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა თაობის მომღერლები და მუსიკოსები. სცენაზე გამოვიდა 20-ზე მეტი შემსრულებელი და ბენდი.
„ორი მოთხოვნა დაგვიკმაყოფილეს, რჩება ერთი მოთხოვნა - გადადგეს გიორგი გახარია. ჩვენ ყოველდღე, 7-დან 11 საათამდე ვართ აქ - საქართველოს სამსახურში. ეს არის ჩვენი მთავარი სამსახური და ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი სიტყვა, რომელიც მივეცით მაკოს - რომ ჩვენ აქ ვიდგებით ბოლომდე, ვიდრე არ დაფიქსირდება პრეცედენტი, რომ ვერცერთი მინისტრი და ვერავინ ვერ მოაწყობს ნადირობას რუსთაველის გამზირზე. ამას აქვს თავისი პოლიტიკური ფასი და ამ ფასს აუცილებლად გადაიხდის მმართველი პარტია“, - მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.
4 ივლისს კონცერტზე გამომსვლელთა შორის იყვნენ: KayaKata, სოფო ბათილაშვილი, ნიკა კოჩაროვი, რობი კუხიანიძე, ერეკლე დეისაძე, მაკა ჩიჩუა, მწვანე ოთახი, მარტივი გამოსავალი, ჯგუფი არა, მაია დარსმელიძე, გია თოიძე, გიორგი უშიკიშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ანიტა რაჭველიშვილი, თერიკა და დასავლელი, Kung Fu Junkie, Bedford Falls, Mellow, LOUDspeakers, Killages, The BearFox, Four Dimensional Monster Lobsters, Killages და სხვები.
მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ შვილიშვილებთან ერთად შეასრულა ანა კალანდაძის ლექსზე შექმნილი თემო ნაცვლიშვილის სიმღერა - „საქართველოო ლამაზო“.
„სცენაზე ჩემს შვილიშვილებთან ერთად დავდგები შეგნებულად. მე შემეძლო, რომ მარტო გავსულიყავი სცენაზე და მემღერა, მაგრამ მე მინდა, რომ იმ ორმა პატარამ, რომელიც მომავალი თაობაა, ძალიან კარგად შეიგრძნოს, რას ნიშნავს ერთად დგომა, როდესაც შეურაცხყოფას მოგაყენებენ“, - უთხრა თამრიკო ჭოხონელიძემ რადიო თავისუფლებას კონცერტის დაწყებამდე.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელისუფლებამ უკვე დაუკმაყოფილა ორი მოთხოვნა: 20-21 ივნისს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება. რჩება ბოლო და უცვლელი მოთხოვნა - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის აქციის სასტიკი მეთოდებით დაშლის გამო.
20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.
დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. დაკავებული იყო 350 ადამიანი.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს, 19:00 საათზე განახლდება. შაბათს, 6 ივლისს, აქციის ორგანიზატორები მასშტაბურ მსვლელობას გეგმავენ.