საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი გენერალური პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში შეჭრას მათ მათ თვალწინ ცდილობდნენ და ამის უარყოფა შეუძლებელია.
„რა ძალებით ხდებოდა ეს, რამდენად ორგანიზებული იყო და ვინ ედგა ამას სათავეში, ეს გამოძიების კომპეტენციაა და არა, პოლიტიკური განცხადებების ავტორების“, - განაცხადა ვოლსკიმ.
უმრავლესობის ლიდერი ფიქრობს, რომ გამოძიების პროცესში პოლიტიკური განცხადებებით შეჭრა ქვეყანას ზიანს მოუტანს - განცხადებები გამოძიების დასრულების შემდეგ - მიიჩნევს გიორგი ვოლსკი.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 4 ივლისს განაცხადა, რომ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით გაგრძელდება და გამორიცხული არც ის არის, რომ ბრალდებულთა რიცხვიც გაიზარდოს.
გამოძიების პროცესში სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.