ქვეყანა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია, პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის ეკონომიკურად ერთ ერთ ყველაზე მაღალგანვითარებულად ითვლება და რომელშიც უმუშევრობა 2 პროცენტს არ აღემატება, - აი, ასეთ ქვეყანაში, ჩეხეთში, ბოლო ხანებში ათასობით ადამიანი აპროტესტებს მთავრობის პოლიტიკას და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ გადადგება ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ ფსევდობრალდებების გამო. მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, მისმა პარტიამ, "ანომ", რომელსაც, გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა 30-მდე პროცენტი ემხრობა, ჩეხეთის ყველა დანარჩენ პარტიას აჯობა ევროპარლამენტის მაისის არჩევნებში.