ზუგდიდის ბულვარში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ხეებზე ჰომოფობიური შინაარსის პლაკატები გააკრეს. პლაკატებზე შემდეგი შინაარსის წარწერებია: "არა მამათმავლობის პროპაგანდას", "არა სოდომისტებს“, „არა ლგბტ პრაიდს საქართველოში“.
აქციის ორგანიზატორმა, ზუგდიდელმა ხატია ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პლაკატებით აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, ვერის ბაღში შეკრებილებს. ჯანაშიას სიტყვებით, რამდენიმე მეგობარმა სოციალურ ქსელში, სწარაფად დაგეგმა აქცია.
“არავისთვის გამოსვლა არ მომიწოდებია. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისში ვერის ბაღში შეიკრიბნენ. ვემიჯნებით მათ, ვინც ცდილობს დაამკვიდროს საქართველოში ლგბტ თემის პროპაგანდა. არ ვებრძვით მათ, უბრალოდ, არ ვღებულობთ და არც მივიღებთ საქართველოში ლგბტ პრაიდს“, - განაცხადა ხატია ჯანაშიამ.
16 ივნისს, ვერის პარკში შეხვედრაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნა გამოაცხადა. ისინი "თბილისი პრაიდის" კვირეულის ჩაშლას აპირებენ.
"თბილისი პრაიდის" კვირეული ლგბტქი თემის და აქტივისტების ნაწილს 18-22 ივნისს აქვს დაგეგმილი.