პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“, განახლებული სახელით - „ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, 2 ივნისს, პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას სამართლიან ბრძოლაში თავისი პარტიის გამარჯვების იმედი აქვს.
„ბრძოლაში - უსამართლოშიც და განსაკუთრებით სამართლიანში, ჩვენ ძლიერები ვართ. აუცილებლად ძალიან სერიოზულ შედეგს დავდებთ“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მისი შეფასებით, პარტიის ყრილობამ აჩვენა, რომ მის პარტიას ჰყავს მებრძოლი ადამიანები, რომლებიც „არ იყიდებიან და იციან, რომ ქვეყანა სტატუსკვოდან, სტაგნაციიდან და ჭაობიდან, რომელშიც დღეს არის, აუცილებლად უნდა გამოვიდეს“:
„2020 წლის ან უფრო ადრინდელი არჩევნებისთვის ჩვენ მზადება უკვე დავიწყეთ. ნამდვილად ვერავინ შეგვაჩერებს, რადგან ვიცით, რომ სამართლიანი და სწორია ჩვენი ბრძოლა. რაც შეეხება გაერთიანების მოწოდებას ოპოზიციისთვის, ეს ეხება მხოლოდ საარჩევნო გარემოს და არც ერთ სხვა საკითხს. აქ საუბარია, იმაზე, , რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იბრძოლოს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად, სამართლიანად და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ქართველ ხალხს არჩევანი არ წააართვას“, - ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უკვე მიმდინაროებს კონსულტაციები სხვადასხვა პარტიებთან, რომ შეგროვებულია 300 ათასი ხელმოწერა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნით.
ბურჯანაძის სიტყვებით, მისი ეშინოდა მიხეილ სააკაშვილს და ეშინია ბიძინა ივანიშვილს და ამის მიზეზი ის არის, რომ ის, „რეალურად პროქართული პოლიტიკოსია“
„მე ვარ პოლიტიკოსი, რომელიც არასოდეს მოემსახურება არც დასავლეთის და არც ჩრდილოეთის ინტერესებს და ყოველთვის ემსახურება მხოლოდ საქართველოს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.