მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის სხვა ინვესტორს არ ვეძებთ
მინისტრის განმარტებით, მიუხედავად დაძაბული ფონისა, მთავრობა დაინტერესებულია, რომ პროექტი უშუალოდ „ანაკლიის კონსორციუმმა“ დაასრულოს. „მაგრამ რა თქმა უნდა იმ პირობების დაცვით, რა პირობებიც იყო, მათ შორის წინაპირობა ამ ურთიერთობისა.“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
„კერძოდ, რომ მათ უნდა ჰყავდეთ გამოცდილი პორტის ოპერატორი პარტნიორად, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის შემდგომ რეალიზებას და წარმატებას იმიტომ, რომ ძალიან კარგად გვესმის ყველას, რომ მშენებლობის დაწყება ფსკერის დაღრმავება და 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშის ზედაპირზე ამოღება არ არის,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი განმარტებით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება ბანკებისა და სხვა მსესხებლებისგან კაპიტალის მოზიდვის პირობების შესახებ, რათა კონკრეტული ინვესტორისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფოს საზიანოდ და გადასახადების გადამხდელების ხარჯზე არ მოხდეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე სახელმწიფოს პოზიციების შესახებ.