უკრაინის პრეზიდენტმ პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა პარლამენტში 6 დეკემბერს მხარდაჭერილ კანონს „უკრაინის მიმდებარე ზონის შესახებ“. კანონით, ფაქტიურად, ორმაგდება შავ ზღვაში საკონტროლო ტერიტორია.
პოროშენკოს პრეს-სამსახურის განმარტებით, კანონი ემსახურება უკრაინის საზღვაო კანონმდებლობის „ჰარმონიზებას“ შავი ზღვის მიმდებარე დანარჩენი სახელმწიფოებისა და გაეროს 1982 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კანონმდებლობებთან. კანონი უკრაინის საზღვაო დაცვისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს აძლევს შესაძლებლობას, სანაპირო ხაზიდან 24 საზღვაო მილის დაშორებით შეამოწმონ საეჭვო ობიექტები, რაც ამჟამინდელზე ორჯერ უფრო მეტია.
კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ის ვერ იმოქმედებს ქერჩის სრუტესთან და აზოვის ზღვასთან მიმართებით.