რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ბირთვული ომის საფრთხის სათანადოდ შეფასება უნდა მოხდეს და გააკრიტიკა აშშ იმის გამო, რომ ტოვებს ცივი ომის დროს დადებულ შეთანხმებებს იარაღის სფეროში. პუტინმა თავისი ქვეყნის ეკონომიკა დადებითად წარმოადგინა და გამოვიდა მოწოდებით, მოხდეს „გარღვევა“ ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. თუ ამბიციურ გეგმებს არ დავისახავთ, ვერაფერს მივაღწევთო, განაცხადა მან. ეს განცხადებები პუტინმა გააკეთა პრესკონფერენციაზე, რომელსაც პირდაპირ ტელეეთერში აჩვენებენ, პრეზიდენტის რეიტინგის კლების ფონზე. პუტინმა პრესკონფერენცია დაიწყო ეკონომიკური მაჩვენებლების ჩამოთვლით - აღნიშნა, რომ უმუშევრობა იკლებს და რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება. პრეზიდენტის აზრით, რუსეთს სჭირდება ახალი „ტექნოლოგიური საფუძველი“ და თავისი რესურსების ეფექტიანად გამოყენება. პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა გამოიგონეს სერგეი ლა იულია სკრიპალების მოწამვლის ამბავი, რათა რუსეთს თავს დასხმოდნენ. მისი თქმით, დასავლეთს პოლიტიზებული რუსოფობური მიდგომები აქვს. შავი ზღვის ინციდენტის თაობაზე, როცა რუსეთის სასაზღვრო დაცვამ უკრაინის სამხედრო ხომალდები და 24 მეზღვაური დააკავა, პუტინმა თქა, რომ ეს იყო უკრაინის ხელისუფლების პროვოკაცია, რომლის მიზანი პრეზიდენტ პოროშენკოს რეიტინგის ამაღლება იყო. გამოცემა „ღია მედიასაშუალებების“ გამოთვლით, ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია 60 მილიონი რუბლი დაუჯდა ქვეყანას. ნაწილი დეკორაციებისთვის დაიხარჯა, ხოლო 2,5 მილიონი რუბლი 1702 აკრედიტებული ჟურნალისტის გამოკვებისთვის.