საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს მართავს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული კანდიდატურა იყოს პრინციპული და მას აფილირება არ ჰქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებასთან: „იმდენად ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა პროცესი, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვყავს კონკრეტული კანდიდატი, რომელზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ კანდიდატურებზე ფიქრობს აქცენტის შეჩერებას და რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას წარმოვადგენთ. როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზეა საუბარი, ის პროფესიული ნიშნით უნდა ირჩეოდეს. შესაბამისად, ჩვენს მოსაზრებებს ამ მოცემულობიდან გამომდინარე წარვადგენთ. რაც შეეხება უშუალოდ თამარ ჟვანიას კანდიდატურას, ჩვენ ამ პროცესს შეფასების კუთხით თუ შევხედავთ, წინა მოწვევის შემთხვევაში იყო წარმატებული ნაბიჯებიც, ასევე გარკვეული გამოწვევებიც. ამიტომ ერთიანობაში უნდა დავინახოთ, რომელ კანდიდატურას წარადგენენ და შესაბამისად, ვიმსჯელებთ“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე სამ კანდიდატურას პრეზიდენტი არასამთავრობი ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ დაასახელებს. კანონით, ახალ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ვადა 21 დეკემბერს ეწურება. თუმცა კონსულტაცია მხოლოდ ერთ დღეს - 20 დეკემბერს გაიმართება.