ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ეცდება 21 დეკემბერს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე გამოსვლას დაესწროს.
„მთავარი კითხვა რაც მაქვს არის ის, თუ რატომ აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს. ამასთან დაკავშირებით მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ბატონ გახარიასთან და კიდევ უფრო მეტი კითხვა ბატონ თადუმაძესთან, რომელთანაც გაგზავნილი მაქვს შეტყობინება, რომ შემხვდეს, თუმცა მემალება. ხვალ შს მინისტრი მიდის პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს თავად დავესწრო ამ სხდომას. ვეცდები, რომ პარლამენტში მოვხვდე და პირადად მოვუსმინო დასმულ კითხვებს და პასუხებს",- განაცხადა ზაზა სარალიძემ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთან, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან სერგი კაპანაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. სერგი კაპანაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრთან მთავარი კითხვები ხორავას ქუჩის საქმეზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით დაისმევა.
„შს მინისტრს არ გამოუვა თავი აარიდოს პასუხებს და ერთგან თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით არ გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხები",- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საპარლამენტო უმცირესობამ ამ და სხვა საქმეებზე, მათ შორის თელავში ოპოზიციის საპროტესტო აქციის ჩატარებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ხელის შეშლის საკითხზე რამდენჯერმე მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 21 დეკემბერს მივა.