დაძაბულ ვითარებაში დასრულდა კოსოვოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რომელიც ეხებოდა პრიშტინის მიერ სერბიის საქონელზე დაწესებულ გადასახადებს და ევროკავშირის მხრიდან კოსოვოელებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების დაგვიანებას.
ევროკავშირ-კოსოვოს სტაბილიზაციისა და ასოცირების საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც წელს 17 დეკემბერს გაიმართა, დასრულდა ერთობლივი პრესკონფერენციის გარეშე. წყარომ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კოსოვოს დელეგაციამ უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შემოღების დაგვიანებაზე.
კოსოვო დასავლეთ ბალკანეთის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებს კვლავაც ვიზა ესაჭიროებათ ევროკავშირში სამოგზაუროდ. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი ამბობს, რომ ევროკავშირისთვის "ღრმად დასანანია" კოსოვოს მიერ გასულ თვეში მიღებული გადაწყვეტილება სერბიის პროდუქციაზე ასპროცენტიანი გადასახადის დაწესების შესახებ. ეს გადასახადი "ზიანს აყენებს კოსოვოს და მისი ხალხის ეკონომიკურ ინტერესებს, იწვევს სავაჭრო მიმოქცევის კლებას და ამცირებს კოსოვოს, როგორც საინვესტიციო და ბიზნესის ადგილის მიმზიდევლობას" - ვკითხულობთ განცხადებაში.