„ბოლო პერიოდში ცოტა გართულდა ირანის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში, მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა იქნეს გადაჭრილი”, - განაცხდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა საელჩოს შენობაში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც რადიო თავისუფლება არ დაასწრეს.
ბრიფინგზე დასასწრებად საელჩოს შენობაში რადიო თავისუფლების ჯგუფი მარტივი რეგისტრაციის შემდეგ შეუშვეს. ბრიფინგის დაწყებამდე, საელჩოს წარმომადგენლებმა იკითხეს, ვინ იყო დარბაზში რადიო თავისუფლებიდან. ჟურნალისტი ელჩის კაბინეტში შეიყვანეს, სადაც ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა მას განუმარტა, რომ ვინაიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა არ თანამშრომლობს რადიო თავისუფლებასთან, ელჩი რადიო თავისუფლებას კომენტარს არ მისცემს და არ დაიწყებს ბრიფინგს სანამ რადიო თავისუფლების წარმომადგენლები იქ იმყოფებიან. რის შემდეგაც რადიო თავისუფლების ჯგუფი შენობიდან გააცილეს.
რაც შეეხება ირანის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვების საკითხს, ელჩის სიტყვებით, ის იზიარებს, მოსაზრებას, რომ თუკი არსებობს პრობლემა ირანის მოქალაქეების მხრიდან, მათ აუცილებლად უნდა დაიცვან საქართველოში შემოსვლის წესები, მაგრამ თუ არსებობს ქართულ კანონმდებლობაში ხელის შემშლელი რეგულაციები, ის უნდა შეიცვალოს მყისიერად.
„უნდა მოხდეს ამ ახალი რეგულაციების შემოღება, ამ რეგულაციების დახვეწა, კანონების შესწორება, რეფორმა, რომ არ მოხდეს უკმაყოფილო ირანის მოქალაქეთა ზრდა“, - განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა.
ირანის ელჩმა საქართველოში ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და 2010 წელს ხელმოწერილ უვიზო მიმოსვლის რეჟიმზეც ისაუბრა.
„როგორც მოგეხსენებათ, ადრე მოეწერა ხელი ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლას, იმ პერიოდში, ალბათ, ქვეყნის ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ ეს შეთანხმების პირობები შეესაბამებოდა იმ დროს არსებულ მოცემულობას. შეთანხმების შესაბამისად, ირანისა და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნებში უვიზოდ შეუძლიათ შესვლა და იქ 45 დღის განმავლობაში გაჩერება, შესაბამისად 45-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ რაიმე შეზღუდვა, რომ ისინი გავიდნენ ქვეყნიდან და ხელმეორედ შემოვიდნენ არ ჩადებულა ამ შეთანხმებაში. გათვალისწინებული იყო როგორც მრავალჯერადი შესვლა და არავითარი შეზღუდვა იმ პერიოდში შესვლის დროს ან 45-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ხელმეორე შესვლაზე, როგორც მოგახსენეთ, არ იყო“, - აღნიშნა ირანის ელჩმა საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა.
მისი განცხადების თანახმად ამ თემაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრები და მოლაპარაკებები.
„ძალიან კარგია, რომ ქართულ მხარეს აქვს კეთილი ნება მუშა პროცესში ეს პრობლემა იქნეს გადაჭრილი. როგორც მოგახსენეთ, შესაძლოა ამ არშემოშვების მიზეზები იყოს რეგულაციაში არსებული ხარვეზები. ზოგჯერ გარკვეულწილად, მესაზღვრეების მხრიდანაც, მაინცდამაინც სრულყოფილად არ ხდებოდა ამ შეთანხმების პირობების განსაზღვრა, მაგრამ გარკვეულწილად უნდა გამოსწორდეს მსგავსი პოლიტიკა“, - აღნიშნა საქართველოში ირანის ელჩმა.
ბრიფინგზე ელჩის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა „ლიბერალის“ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პირდაპირ ჩართვას.