აშშ-ის არმია აცხადებს, ალ-შაბააბის 62 ექსტრემისტი დაიხოცა მის მიერ განხორციელებული, ექვსი საჰაერო დარტყმის შედეგად 15 და 16 დეკემბერს სომალიში, ბანაადირის პროვინციის ქალაქ განდარშის სიახლოვეს. ამავე წყაროს ცნობით, 15 დეკემბერს განხორციელდა ოთხი იერიში, რასაც 34 ექსტრემისტი ემსხვერპლა, 16 დეკემბერს კი კიდევ ორი დარტყმა მიიტანეს და 28 ექსტრემისტი დახოცეს. არმიის აფრიკის შტაბი იუწყება, რომ შტაბმა, "სომალელ პარტნიორებთან ერთად განახორციელა ეს თავდასხმები საიმისოდ, რომ ტერორისტებს საშუალება არ ჰქონოდათ მოშორებით მდებარე ადგილები გამოეყენებინათ უსაფრთხო თავშესაფრად სამომავლო თავდასხმების დაგეგმვის, წარმოების, შთაგონების და ახალი წევრების გადაბირებისთვის". ალ-შაბააბს სომალიში ფუნდამენტალისტური ისლამისტური სახელმწიფოს დაარსება სურს და ხშირად ესხმის თავს მთავრობის შენობებს, სასტუმროებს და რესტორნებს.