მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ დავით კირკიტაძე, რომელიც უკანონო პატიმარია, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, 17 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტს მან ხელისუფლების პროვოცირებული უწოდა.
„პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც იქ იდგნენ, ისინი არ ითვლებიან პოლიციელებად, რადგანაც არანაირი სამართლებრივი აქტი არ არსებობდა, რომ მათ ჰქონდათ გზის გადაკეტვის უფლება. არ გამოგიქვეყნებიათ ასეთი აქტი და თუ ვინმე ასეთ აქტს ნახავთ, კი ბატონო, გაგვაცანით... სახალხო დამცველმა ასევე მიგითითათ, რომ ამის უფლება არ გქონდათ, მაგრამ თქვენ მაინც ეს კანონი დაარღვიეთ... გუშინდელი დღე იყო თქვენს მიერ პროვოცირებული დაძაბულობა... თქვენ ხართ ჩვეულებრივი პროვოკატორები, რომლებიც კანონის გარეთ ხართ გასული... ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაათავისუფლოთ დავით კირკიტაძე, რომელიც უკანონო პატიმარია ახლა და აუცილებლად ამ მიმართულებით ვიწყებთ აქტიურ ბრძოლასა და აქტიურ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შს სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, დავით კირკიტაძის დაკავების თაობაზე. უწყების ცნობით, კირკიტაძე კახეთისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს და მას ბრალად ედება სს კოდექსის 353-ე მუხლის შესაბამისი დანაშაული. ის გულისხმობს პოლიციელის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობასა და ძალადობას. დანაშაული ისჯება როგორც ჯარიმით, ასევე თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.