არასრულწლოვან ს.კ.-ს საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ პროკურატურას განრიდების მოთხოვნით მიმართა. გადაწყვეტილება 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გამოცხადდა. 2018 წლის 17 მაისს გამართულ აქციაზე ს.კ. თავს დაესხა სიტყვით გამომსვლელს, ლგბტ თემის წარმომადგენელ ნიქო გორგილაძეს. არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დახურული იყო. გარეთ შეკრებილ ხალხს გადაწყვეტილება ადვოკატმა, დათუნა მოდებაძემ, გააცნო. ს.კ.-ს მხარდამჭერები მომხდარს ოვაციებით შეხვდნენ და ასეთი შედეგი საზოგადოების ძალისხმევის გამარჯვებად შეაფასეს.
ნიქო გორგილაძეს, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე შეკრებილებს მიმართავდა, ს.კ. თავს მოულოდნელად დაესხა. მომხდარიდან 20 დღის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზარალებულად ცნო. გორგილაძეს თავშესაფარის მოთხოვნა გერმანიამ დაუკმაყოფილა. როგორც მან ივნისში უთხრა რადიო თავისუფლებას, 17 მაისის შემდეგ, მის მიმართ მრავლად იყო მუქარისა და შევიწროვების გამოვლინებები.
„ორჯერ ავტობუსიდან მაგდებდნენ, „პიდარასტთან ერთად არ ვიმგზავრებთო“, ამბობდნენ. მე არ ჩავედი, მერე ავტობუსი წითელზე გააჩერეს და თვითონ ჩავიდნენ. გამომძიებელმა მკითხა, პროკურორს შეკითხვა გაუჩნდა, რატომ არ ჩახვედი, შეგეშინდა თუ აგრესიულად განწყობილ მგზავრებს იწვევდიო... ძნელია პოლიციასთან ურთიერთობა, დამცირების მეტს არაფერს იღებ, მაგრამ მაინც მინდოდა, რომ პრეცედენტი შემექნა - თუ არავინ დაისჯებოდა, გაეფრთხილებინათ მაინც მოძალადეები“, - უთხრა ნიქო გორგილაძემ რადიო თავისუფლებას.