ბინების გაქირავების შუამავალმა პოპულარულმა საიტმა Airbnb-მა განაცხადა, რომ აღარ განათავსებს საიტზე განცხადებებს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ისრაელის დასახლებებიდან. კომპანიას ამისკენ დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდნენ პალესტინის ოფიციალური პირები და ადამიანის უფლებების დამცველები.
„ჩვენ ნამდვილად არა ვართ ექსპერტები რეგიონში არსებულ ისტორიულ დისპუტებთან დაკავშირებით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში - „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით სწორი მიდგომის გამონახვას“.
საბოლოოდ Airbnb-მა საიტიდან წაშალა 200-მდე განაცხადი ამ დასახლებებიდან. ამ გადაწყვეტილებამ ისრაელის პროტესტი გამოიწვია. ამ ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა, იარივ ლევინმა კომპანიის გადაწყვეტილებას „დისკრიმინაციული“ და „სამარცხვინო კაპიტულაცია“ უწოდა.