სერბი ნაციონალისტი მილორად დოდიკი სათავეში მოექცა ბოსნია-ჰერცეგოვინის სამწევრიან პრეზიდიუმს. ეს ნაბიჯი მოჰყვა ქვეყანაში გასულ თვეში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებს. პრეზიდიუმში, რომელსაც დოდიკი რვა თვე უხელმძღვანელებს, ასევე შედიან ეთნიკური ხორვატი ჟელიკო კომსიჩი და ბოსნიელი მუსლიმი სეფიკ ჯაფეროვიჩი. ბოსნია ორი ერთეულისაგან შედგება: ესენია რეპუბლიკა სრპსკა, სადაც უმეტესწილად ეთნიკური სერბები ცხოვრობენ, და მუსლიმთა და ხორვატთა ფედერაცია. ორი ერთეული ერთმანეთს უკავშირდება სახელმწიფო ინსტიტუტებით, სამწევრიანი პრეზიდიუმის ჩათვლით. თავის საინაუგურაციო გამოსვლაში, დოდიკმა პრიორიტეტად დაასახელა რეპუბლიკა სრპსკას ინტერესების გატარება. მანვე პრეზიდიუმის დანარჩენ ორ წევრს მოუწოდა, ითანამშრომლონ ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის დასაჩქარებლად. მეორე მხრივ, დოდიკი ეწინააღმდეგება ნატოში ინტეგრაციას და გამოდის რუსეთთან და სერბეთთან დაახლოებისაკენ მოწოდებით. მაგრამ კომსიჩი და ჯაფაროვიჩი მაინც აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ზომებს დასავლეთის სამხედრო ალიანსთან დასაახლოებლად.