არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 21 ნოემბერს გამოკითხვაზე არიან დაბარებულები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურია და საია-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ 20 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადების შესახებ ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, გასულ კვირაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოს სახელმწიფო სერვისების სააგენტო. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.