აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალური ცერემონიის წინ. ტრამპმა და მაკრონმა ისაუბრეს ირანის თემაზე, კონფლიქტებზე სირიასა და იემენში, ასევე ვაჭრობის გლობალურ პრობლემებზე და კლიმატურ ცვლილებებზე.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ტრამპმა გააკრიტიკა მაკრონის წინადადება, შეიქმნას ევროკავშირის არმია. მაკრონის თქმით, ასეთი არმია უცილებელია აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან ზეწოლასთან გასამკლავებლად. კვირის დამდეგს ვერდენში გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპელებს აღარ შეუძლიათ აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების იმედზე იყვნენ. ტრამპის თქმით, ევროკავშირის არმიის შექმნის თაობაზე მაკრონის წინადადება შეურაცხმყოფელია აშშ-ისთვის.