ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპული საქართველო" მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა, საჯაროდ თქვან იღებენ თუ არა „ქართული მარშის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერას.
„ამ ბოლო დღეებში, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, როგორც ჩანს, ხელისუფლების დაკვეთით ღიად გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ პუტინთან დაკავშირებული, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ძალები“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. მისი შეფასებით, თუ სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი და მათი პოლიტიკური ჯგუფი არ გაემიჯნებიან „პატრიოტთა ალიანსს,“ „ქართულ მარშს“ და სხვა მსგავს ჯგუფებს, ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ჯგუფები მოქმედებენ ხელისუფლების დაკვეთით.
„პატრიოტთა ალიანსში“ არ გამორიცხავენ, რომ მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ, „ქართულმა მარშმა“ კი ამის სანაცვლოდ „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვა კანაფის კულტივაციის საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტიდან გაწვევა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.