თალიბანის მეომრებმა თავდასხმა განახორციელეს ორ საგუშაგოზე, ქვეყნის დასავლეთში, ფარაჰის პროვინციაში. ინციდენტის დროს 17 ავღანელი სამხედრო მოკლეს, 11 ჯარისკაცი თალიბანმა გაიტაცა. რეგიონის მმართველის, ღაუსუდინ ნურზაის თანახმად, თავდასხმა გვიან ღამით დაიწყო და დილამდე გრძელდებოდა. თალიბებმა წაიღეს იარაღი და ტყვიაწამალი. იერიშის დროს დაიჭრა ავღანეთის არმიის ოთხი ჯარისკაცი. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ადგილზე გაიგზავნა დამატებითი ჯარი და თალიბანმაც დიდი დანაკლისი იწვნია. ავღანეთის ზაბულის პროვინციაში, მიზანის რაიონის პოლიციის უფროსი მოკლეს. გუბერნატორის, რაჰმათულა იარმალის თქმით, თავდასხმა თალიბანმა განახორციელა. თალიბანმა, თავის მხრივ, ორივე თავდასხმისთვის იკისრა პასუხიმგებლობა. 13 ოქტომბერს, 22 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები დაუშიშროების სამსახურის თანამშომლები, ემსხვერპლნენ აფეთქებულ ბომბს ტაჰარის პროვინციის რუსტაქის რაიონში. ინციდენტი მოხდა საარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში, როცა შეხვედრას მართავდა პარლამენტის წევრობის კანდიდატი ქალი. ჰერათის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა მოაწყვეს საარჩევნო კანდიდატის ოფისზე და მოკლეს გუშაგი და ბავშვი. თალიბანმა გაახშირა თავდასხმები უშიშროების ძალებზე და სამთავრობო ობიექტებზე ბოლო ხანს და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუშალოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც, თალიბანს მიაჩნია „ამერიკულ შეთქმულებად ოკუპაციის შემდგომი გამართლებისთვის“.