ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი თბილისში შეხვდა “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს. დავით ბაქრაძის განცხადებით, განხილვის მთავარი თემა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზეც ისაუბრეს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თბილისში პრეზიდენტობის კანდიდატებს სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა და მომავალი არჩევნები განიხილა. "ამერიკულ მხარეს აინტერესებდა ჩვენი პროგრამა, ჩვენი შეხედულება, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, რა გეგმები გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ. ჩვენ გვაინტერესებდა, რას ფიქრობს ამერიკული მხარე რეგიონულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო ურთიერთობაზე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. კენტმა გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ილაპარაკა. "ბოლო დღეების განმავლობაში რაც მოვისმინე, იყო გარკვეული პრობლემებიკამპანიების დროს ენის გამოყენებაში. ბოლო სამი წელი უკრაინაში ვმსახურობდი და შემიძლია ვთქვა, რომ იქაც იგივე ხდებოდა. ხშირი იყო დემონიზების შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს მოღალატეობას აბრალებდნენ და ა.შ.“, - განაცხადა ამერიკელმა სტუმარმა. ჯორჯ კენტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. კენტი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და შინაგან საქმეთა მინისტრს, მინისტრ გიორგი გახარიას.